GE

სიდას ხელმძღვანელმა ხარკოვის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24 სექტემბერს, გაეროს ბიზნესისა და ადამიანის უფლებათა სამუშაო ჯგუფის თანაორგანიზატორობით, ხარკოვის საერთაშორისო ონლაინ ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, უკრაინის, პოლონეთის, ხორვატიის, წარმომადგენლები იღებდნენ. ღონისძიების მოწვეულ სპიკერებს შორის იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილი.

ფორუმის თემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ამჟამინდელი მდგომარეობა იყო; ღონისძიებაზე სპიკერებმა ისაუბრეს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების ბიზნესი და ადამიანის უფლებების შესახებ განხორციელების პროგრესზე და გამოწვევებზე; ასევე, საუბარი შეეხო ყველა იმ დაინტერესებული მხარის ჩართულობის მნიშვნელობას [ბიზნესი, სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობა, აკადემია], რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხელს უწყობენ ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სტანდარტების დანერგვას.

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მაგალითზე, ისაუბრა იმ მიღწევებზე და გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს აქვს. მან ხაზი გაუსვა მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ადამიანის უფლებების სამდივნოსთან, რომელმაც 2016 წელს მხარი დაუჭირა სიდას ინიციატივას და რეკომენდაციას – ბიზნესი და ადამიანის უფლებების თავის ინტეგრირებაზე ადამიანის უფლებების ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.

საუბრის დასასრულს, სალომე ზურაბიშვილმა, რეკომენდაციის სახით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ გააძლიეროს მუშაობა აღნიშნული მიმართულებით და 2021-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებშიც ასახოს შესაბამისი მიზნები და აქტივობები.

გააზიარე: