GE

რითეილ ასოციაციამ კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სასერტიფიკატო კურსი დაასრულა

რითეილ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა, “გუდვილმა”, “კარფურმა”, “სპარმა”, “მაგნიტმა”, “ზღაპარმა” და “დეილიმ” წარმატებით დაასრულეს 60 საათიანი სასერტიფიკატო კურსი კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინფორმაციით, კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

მონაწილეებმა დაფარეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ეთიკა და ეთიკური ლიდერობა, ადამიანური რესურსების მართვა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა, კომუნიკაცია და ანგარიშგება და ა.შ

2020 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით დააარსა კორპორაციული მდგრადობის აკადემია. აღსანიშნავია, რომ კორპორაციული მდგრადობის აკადემიის სხვადასხვა სასწავლო კურსი უკვე წარმატებით გაიარა 200-ზე მეტმა მონაწილემ, მათ შორის, მთავრობის, მედიის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა.

ბოლო წლების განმავლობაში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აქტიურად უწევს პოპულარიზაციას მდგრადი განვითარების დღის წესრიგს და ბიზნეს სფეროში გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესახებ ცნობიერების გაზრდას. ვეხმარებით კომპანიებს ბიზნეს გეგმებსა და ოპერაციებში მოახდინონ მდგრადობის სტანდარტების ინტეგრირება. მიუხედავად ამისა, გამოწვევები რჩება და, როგორც კვლევებმა აჩვენა, კერძო სექტორში ცოდნის ნაკლებობა და ცნობიერების ამაღლების საჭიროება კვლავ დგას.

ამ სფეროში სათანადო განათლების მიწოდება დაეხმარება კომპანიებს იფიქრონ და მოიქცნენ ისე, რომ ხელი შეუწყონ თავიანთ ზრდასა და წარმატებას, გააუმჯობესონ თანამშრომელთა კმაყოფილება და შექმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო ორგანიზაციაში. ამას გარდა, CS განათლება ავითარებს ადამიანის პიროვნებას, მიდგომებს და ამზადებს ხალხს ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. საქართველოში CS განათლება მიზნად ისახავს ბიზნესში, მთავრობაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მედიასა და ახალგაზრდობაში კორპორაციული მდგრადობის კონცეფციის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას, ასევე მდგრადი საბაზრო ეკონომიკის შექმნის გზების პოპულარიზაციას.

გააზიარე: