GE

„ქალთა ლიდერობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: როგორ დავამსხვრიოთ ე.წ. შუშის ჭერი”

24 მარტს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა მულტი-სექტორული დიალოგი თემაზე – „ქალთა ლიდერობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: როგორ დავამსხვრიოთ ე.წ. შუშის ჭერი“.

ღონისძიება გახსნეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩმა ულრიკ ტიდერსტრომმა, USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ანა წურწუმიამ და პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

შეხვედრა ჩატარდა გლობალური ინიციატივის Target Gender Equality-ის ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა ბიზნესებმა, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

გლობალური ინიციატივა Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერატორ პროგრამაა, რათა მათ გააღრმაონ Women Empowerment Principles (ქალთა გაძლიერების პრინციპების) განხორციელება და გაამყარონ თავიანთი წვლილი მდგრადი განვითარების 5.5 მიზნის (SDG) მიღწევაში, რომელიც 2030 წლისთვის ქალთა სრულ მონაწილეობას და ლიდერობის თანაბარ შესაძლებლობებს მოითხოვს.

საქმიანობის ანალიზის, შესაძლებლობების განვითარების სემინარების, კოლეგებთან ურთიერთობით სწავლებისა და ადვოკატირების მეშვეობით, Target Gender Equality დღეისათვის 40-ზე მეტ ქვეყანაში 800-ზე მეტ კომპანიას ეხმარება ამბიციური მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში.

დიალოგის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათ წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე. დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს არსებული გამოწვევები და პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობები. პანელში მონაწილეობდნენ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოდან, საქართველოს საფონდო ბირჟიდან და საქართველოს ეროვნული ბანკიდან. პანელის მოდერატორი იყო დიმიტრი ცქიტიშვილი საქართველოს პროგრესული ფორუმის თავმჯდომარე.

დიალოგის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ბიზნეს სექტორში არსებული პრაქტიკა, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში. გლობალური შეთანხმების საქართველოს მონაწილე ბიზნესებმა ისაუბრეს შუშის ჭერის დამსხვრევასა და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობის თემაზე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო თიბისი ბანკმა, აჭარა ჯგუფმა, ჩიკატაიმ და საქართველოს ადვოკატებმა დამოუკიდებელი პროფესიისთვის. პანელის მოდერატორი იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი – სალომე ზურაბიშვილი.

ღონისძიება ჩატარდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამასთან (CSEP) თანამშრომლობით.

გლობალურად ბიზნესში ქალების ამჟამინდელი მდგომარეობის შესწავლისას, Deloitte-ისა და Grant Thornton-ის კვლევები ცხადყოფს, რომ ქალები იკავებენ მმართველი გამგეობების/საბჭოების ადგილების მხოლოდ 17%-ს, ხოლო მსოფლიოს კომპანიების წამყვან პოზიციებზე ქალები 10-დან 3 პოსტზე ნაკლებს იკავებენ.

2015 წელს, McKinsey Global Institute-მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნავდა, რომ ქალთა მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში 2025 წლისთვის კაცებთან თანასწორი თუ გახდებოდა, გლობალური წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 28 ტრილიონი აშშ დოლარით გაიზრებოდა.

გაეროს გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები წამყვან პოზიციას იკავებენ გენდერული თანასწორობის ამოცანების დასახვაში.

კვლევამ დაადგინა, რომ 25 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე კომპანიები ადგენენ გენდერული თანასწორობის ყველაზე ამბიციურ მიზნებს: მათი 80% მიზნად ისახავს ქალების 30%-ზე მეტის წარმომადგენლობის მიღწევას C-Suite და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე, 1 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე კომპანიების 66%-თან შედარებით.

გარდა ამისა, ყველაზე პატარა კომპანიების ბიზნეს ლიდერები უფრო ადრე ისახავენ მიზნად თავიანთი წარმომადგენლობითი მიზნების მიღწევას, ვიდრე მსხვილი კომპანიების: ყველაზე მცირე კომპანიების 85% მიზნად ისახავს C-Suite და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე ქალების წარმომადგენლობის მიზნის მიღწევას 2021-2025 წლებში, იმ კომპანიების 67%-თან შედარებით, რომელთა წლიური შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია.

მცირე და საშუალო საწარმოების უახლოესი დროისთვის დასახული ამბიცია ქმნის აუცილებელ საფუძველს გენდერულად დაბალანსებული სამუშაო ძალის შესაქმნელად. გენდერული ბალანსისადმი მათი ერთგულება არის სამაგალითო ნიმუში, სამუშაო ძალაში მრავალფეროვნების სისტემური დანერგვისთვის.

Სტატია მომზადდა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე:  https://www.facebook.com/GCNgeorgia

გააზიარე: