GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Stockholm+50-ზე

31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვედეთის სამეფოში, სადაც „Stockholm +50“-ის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

#Stockholm +50 ადამიანებისა და პლანეტისთვის გადაუდებელი მოქმედების დაჩქარებას ისახავს მიზნად და წარმოადგენს 1972 წლის ისტორიული სამიტის საიუბილეო ღონისძიებას. სწორედ 1972 წლის სამიტზე მსოფლიო პირველად შეთანხმდა, რომ გარემოსდაცვითი საკითხები კრიტიკული მნიშვნელობისაა როგორც ადამიანებისთვის, ისე მთლიანად პლანეტისთვის და საჭიროებს ერთობლივ ძალისხმევას, რათა თავიდან იქნას აცილებული დრამატული პროცესები.

წლევანდელ სამიტზე მთავრობებისა და არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბიზნესის როლსა და მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევის პროცესში.

#Stockholm +50-ის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი მიწვეულ სპიკერად ჩართული იყო პანელურ დისკუსიებში – 31 მაისს #OnePlanetNetwork-ის ორგანიზებით #SDG12-ის – მდგრადი მოხმარებისა და წარმოების – შესახებ, სადაც ისაუბრა ინოვაციების როლზე ბიზნესის ტრანსფორმაციაში და ამ კუთხით საქართველოში არსებულ გამოცდილებასა და საკანონმდებლო ბაზაზე, ევროინტეგრაციის ჭრილში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და არსებული პრაქტიკების გათვალისწინებით.

ხოლო, 2 ივნისს გამართულ დისკუსიაში მცირე და საშუალო საწარმოების(#SME) ცენტრალურ როლზე მდგრადი განვითარების დღის წესრიგის წარმატებით იმპლემენტაციაში, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა გაეროს გლობალურ შეთანხმებაზე და ინიციატივის როლზე მსოფლიოში პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნეს ქცევის წახალისებაში 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევისთვის. სალომემ ისაუბრა ქსელის წევრ კომპანიებზე და კონკრეტულად მცირე და საშუალო ზომის საწარმოების აქტივობაზე ეკო-ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოების გამოწვევებზე, მიღწევებსა და იმ მხარდაჭერაზე, რასაც მათი ოპერაციების ტრანსფორმაციისთვის, ხილვადობის გაზრდისა და პარტნიორობის წახალისების მიზნით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი სთავაზობს.

#Stockholm+50 მდგრადი განვითარების თემის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფორუმი ორგანიზებულია გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ და მასზე წარმოდგენილნი არიან, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე წარმატებული კერძო კომპანიები.

გააზიარე: