GE

გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმი

4-6 ოქტომბერს, დანიის სამეფოში, ქ. კოპენჰაგენში გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების საბჭოს თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა და გლობალური შეთანხმების ინიციატივების კოორდინატორმა, ქეთევან ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღეს გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმში.

2022 წლის რეგიონული შეხვედრის ძირითადი მიზნები მოიცავდა 2023 წლის გლობალურ და რეგიონულ დაგეგმვას, ახალი ბიზნეს მოდელის დანერგვის პროცესის შეფასებას, გლობალური და ლოკალური თანამშრომლობის გაძლიერებას. გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონული შეხვედრა გახსნა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ და გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ. მან ყურადღება გაამახვილა ინიციატივის უნიკალურობაზე, გლობალური შეთანხმების ერთიან ოჯახზე, რომელიც ნიუ-იორკის ოფისისა და ადგილობრივი ქსელების 400-ზე მეტ თანამშრომელს, 17 000 კომპანიას, და 4000 არასამეწარმეო ორგანიზაციას აერთიანებს და შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, რომ ერთიანი ძალებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესრულებაში.

კვირის განმავლობაში, ადგილობრივმა ქსელებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონული ინიციატივებისა და ახალი აქსელერაციის პროგრამების განხორციელება, მიკრო-საწარმოებისა და არასამეწარმეო ორგანიზაციების მიმართ არსებული პოლიტიკის ცვლილება, დიჯიტალიზაციის პროცესი ადგილობრივ ქსელებში, ფონდების მოძიების 2023 წლის სტრატეგია, მთავრობებთან ურთიერთობის პოლიტიკა, ევროკავშირის რეგულაციების ინტეგრირება პროგრამულ აქტივობებში და სხვა. შეხვედრის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების უკრაინისა და პოლონეთის ადგილობრივმა ქსელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია უკრაინაში არსებული მდგომარეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების შესახებ. სამუშაო ვიზიტი ორგანიზებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: