GE

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი

14 დეკემბერს საქართველოში მედიატორის დღე აღინიშნება. ამ დღეს მედიატორთა ასოციაციის დაარსებიდან ორი წელი სრულდება. გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის და მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პირველი ფორუმი. ღონისძიება ჩატარდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგნლებმა, სადაც განიხილეს სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების 1-ლი და მე-3 სვეტების განხორციელებაში.  

წარმოდგენილი პრეზენტაციები და დისკუსია მიეძღვნა საქართველოს მთავრობის მიერ პოლიტიკის დონეზე მიღებულ მექანიზმებს, რომელიც ახალისებს ბიზნეს სექტორში გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას; ასევე ქვეყანაში არსებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ეფექტიანობას, რომელიც გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების მესამე სვეტიდან გამომდინარეობს.

ღონისძიება გახსნეს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს კერძო სექტორთან თანამშრომლობის კოორდინატორმა ბევერლი ჰუვერმა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კონსულტანტმა ირინე ურუშაძემ წარმოადგინა სახელმწიფო საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის, მთავრობის ადმინისტრაციისა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებმა.

გააზიარე: